11-წლიანი სხვაობა, ინტრიგები, ეჭვიანობა და ცხოვრების საინტერესო ამბები - ქეთევან კიკნაძის განვლილი გზა

11-წლიანი სხვაობა, ინტრიგები, ეჭვიანობა და ცხოვრების საინტერესო ამბები - ქეთევან კიკნაძის განვლილი გზა
ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ. არის თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ქეთევან კიკნაძის ერთ-ერთი დაუვიწყარი როლი ბუჩუნი პერტიაა, მსახიობის ცხოვრებაში კიდევ ბევრი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი იყო, დღეს სწორედ მასზე მოგიყვებით.

"ბორჯომში ვცხოვრობდი. მამა რომ დააპატიმრეს, მე ათი დღის ვიყავი. ამ გადასახედიდან, ბავშვობა ძალიან ცუდი მქონდა სიღარიბე, ულუკმაპურობა, ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე...

დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ გვეჭამა, გვესვა, ჩაგვეცვა... ერთხელ, დედა სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იყო წასული. იქიდან რაღაცები ჩამოჰქონდა ხოლმე. რომ ბრუნდებოდა, თურმე, ხაშურში გაქურდეს, ყველაფერი წაართვეს და მხოლოდ თავის პატარა ჩანთა დარჩა, სადაც ლაკის ტუფლები ეწყო. დილით რომ გავიღვიძე, მახსოვს, დედა საწოლთან მეჯდა. მახსოვს, ჩამაცვა ეს ლაკის ტუფლები და ამ ფეხსაცმელებით ვიწექი. ბავშვობიდან სპორტში ვიყავი ჩართული, ტანვარჯიშის ყველა ილეთს ვაკეთებდი. კარგად ვცეკვავდი, მაგის გამო სკოლიდან გამომაგდეს, ეგ ბიჭთან ცეკვავს და არაფერს სწავლობსო.

ძალიან მიყვარდა კინო, თეატრი და ოცნება მქონდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. როგორც რეპრესირებულის შვილს, არ მწყალობნდენ და კონცერტებზე არ გამოვყავდი. ერთხელ რაღაც „პარადი“ იყო და ჩავერთე, შპაგატში ჩავჯექი, დროშა მომქონდა და როგორ მიხაროდა, რომ ბოლოსდაბოლოს ადამიანად ჩამთვალეს.

სანამ გავთხოვდებოდი, ბორჯომში იყო სონა მკითხავი, საიდან არ ჩამოდიოდნენ მასთან. ნათელმხილველი იყო, ხალხს მიცვალებულებიც კი აპოვნინა. აუცილებლად ღამის ხუთ საათზე უნდა მისულიყავი. კარგად რომ გათენდებოდა, აღარ მკითხაობდა. დედაჩემს ვუთხარი, ამ სონა მკითხავთან მეც უნდა მივიდე-მეთქი. ოთახში რომ შევედი, გული ძალიან მიცემდა. შემომხედა, – შვილო, რა არის, შენი გული ასე რატომ ცემს? ფული რამდენიც გინდა, იმდენი მომეცი, მაგაზე ხომ არ ღელავო. დღეს რა რიცხვიაო? ვუთხარი: 28 აგვისტო-მეთქი. აი, 29 სექტემბერს შენ გათხოვილი იქნებიო. წამოვედი, ვიცინოდი მის ნათქვამზე. გიგა ჯერ გაცნობილიც არ მყავდა. მერე გავიცანი და მართლაც ასე მოხდა ყველაფერი, 29-ში გათხოვილი ვიყავი.

რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს, ერთ თვეში დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, ნანა და მაია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამას, მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში ხელი სულაც არ შეუშლია. გიგა, როგორც რეჟისორი, სცენასა თუ კინოში, მეუღლის მიერ შესრულებული მიზანსცენების მთავარი წამქეზებელი იყო. ერთ-ერთ სპექტაკლში თურმე ცოლს მთელი სიმკაცრით, დაჟინებით სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო ვნებიანად ეკოცნა, ვიდრე ამას აკეთებდა.

"სიყვარული ადრეულ ასაკში ცოტა არასერიოზულია, მაგრამ ადამიანი მაინც ამისთვისაა მოწოდებული. პატარა ბავშვებსაც კი აქვთ ეს განცდა, მაგრამ მათთვის ეს შეუცნობელი და ხელშეუხებელია. დრო რომ გადის, მაშინ ფიქრობ, რომ თურმე ის გატაცება იყო და არა სიყვარული. რომ გითხრათ, ისე გავთხოვდი, ამის არაფერი გამეგებოდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებოდი, აღმომიჩენია, რომ ის არ არის, რომელთან ერთადაც ოჯახს შექმნი და მთელი ცხოვრება გაგყვება. გიგა თანდათან მომეწონა. ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო. მასში ბევრი თვისება მომეწონა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გავიცანი. მაშინ ასეთი ტრადიცია იყო, კურსდამთავრებულებს შეხვედრას ვუწყობდით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბანკეტით დაგვირგვინდა. დავინახე, სუფრასთან ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზის. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. როგორ არ იცი, ვინ არის, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეაო. ვცეკვავდი და თან, მისკენ თვალს ვაპარებდი. შევამჩნიე, რომ ისიც დაჟინებით მიყურებდა. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჯერ მეგობართა საერთო წრეში, შემდეგ რამდენჯერმე – განმარტოებით. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ერთი თვე ვხვდებოდით. გიგა ჩემზე 11 წლით უფროსია, ოჯახის შექმნა უნდოდა და ჩვენი ამბავიც ამან დააჩქარა. ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, ერთმანეთს კარგად გავუგებდით. ასეც მოხდა. მე და გიგას ერთი ცხოვრება გვაქვს, რამაც ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაამყარა. პატარა ვიყავი და შეიძლება, ეს ნაბიჯი არც გადამედგა, მაგრამ იმდენად მყარი იყო გიგას გადაწყვეტილება, უკან აღარ დავიხიე. უწინდელი ტრადიციები ჩვენს დროსაც მოქმედებდა. ოჯახი აუცილებლად კითხულობდა, რა გვარის ქალია, რა ოჯახიდან არის... ეს კარგიც იყო. დედაჩემი გახლდათ ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი. არ უნდოდა ასაკით ჩემზე ბევრად უფროსს გავყოლოდი.

- ჩემსა და გიგას შორის ეჭვიანობა იყო. ორივე ეჭვიანები ვიყავით, მაგრამ რომელიმეს რომ გვეფიქრა ოჯახის დანგრევაზე ან რაიმე სერიოზული ყოფილიყო, არ მახსენდება. შეიძლება, გიგას ჩემთვის უღალატია, ეს სერიოზული არ ყოფილა. ვინმე რომ შეყვარებოდა, იმას ვერ გააჩერებდი, აუცილებლად წავიდოდა. ძალიან ბევრჯერ მისაყვედურია, რა არის ეს ეჭვიანობა-მეთქი. 70 წლის ვიყავი და მაინც ეჭვიანობდა. ვეუბნებოდი, ხომ არ გადაირიე, სირცხვილია, უკვე ამხელა ქალი ვარ, სულ მეკითხები, სად იყავიო. მიპასუხა: როცა არ ვიეჭვიანებ და არ შეგეკითხები: სად ხარ, მაშინ ჩემთვის სულერთი იქნებიო. გიგას ინტიმური სცენები არასდროს დაუშლია, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. დეკოლტეები რომ მოდაში შემოვიდა, ყოველთვის მეცვა. ბევრჯერ კი კარიდან მოვუბრუნებივარ: წადი, ეს ფეხსაცმელი ამ კაბას არ უხდებაო. თვითონ რას ჩაიცვამდა, სულერთი იყო.

რისკიანი ვარ, როცა საჭესთან ვზივარ, ხანდახან საჭიროა რისკი, რომ ვიღაც არ შეგეჯახოს. ყველანაირი ტრანსპორტი მიტარებია, გარდა თვითმფრინავისა. ერთხელ, გადაღებაზე ცირკის მოცეკვავე ქალის როლში ვიყავი და იქ ვცეკვავდი. იქ იყო მოტოციკლეტი, გავრისკე და დავჯექი. მე და ჩემი მამიდაშვილი ჩუმად ვჯდებოდით ბიძაჩემის მანქანაზე, ის ატარებდა და მე ვცდილობდი მესწავლა. ჯერ „მოსკვიჩზე“ ვიჯექი, მერე „ვოლგაზე“, „მიცუბიშზე“, ახლა „ჯიპი“ მყავს, ასე რომ, თავის დროზე ნატო ვაჩნაძეს უტარებია მანქანა წინა საუკუნეში, მაგრამ მე რომ მანქანაზე დავჯექი, თბილისში საჭესთან ქალი არ იჯდა.

ინტრიგაც ბევრი ყოფილა ჩვენს თავს, მაგრამ რამდენადაც ეცადნენ, ჩვენი ოჯახი მით უფრო შეიკრა. ერთხელ ვიღაცამ სახლში დარეკა, გიგამ უპასუხა და მე მიკითხეს. გიგამ უთხრა, სახლში არ არისო. ცოტა ხანში ისევ დარეკეს – იცით, თქვენი ცოლი სად არისო. სად არისო, – ჰკითხა გიგამ. ჰოდა, გაარკვიეთო. გიგამ უპასუხა: გარკვეული მაქვს, გენაცვალე, წადი თეატრში და იქ ნახავთ სპექტაკლზე, ქეთინო დღეს თამაშობსო. როგორ შეიძლება, გიგას არ სცოდნოდა, მე სპექტაკლი მქონდა თუ არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიგა მუშაობდა ვიღაცასთან და იმის მეუღლეს ჩემთვის ცუდი რამ გაუკეთებია, მაგრამ მე ეს არ შემიმჩნევია, იმიტომ რომ იქ რომ სხვა ძაფია გაბმული, შენ ამით ხელს უშლი. ყველაფრის წამოყვირება არ არის ჩემი თვისება.

- ახალი ცხოვრება რომ დაიწყო, აღარც შუქი, აღარც გაზი, დენი გაძვირდა, ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რეფლექტორი ჩავრთე და მრიცხველი ძალიან სწრაფად ტრიალებს, რა ვქნა, არ ვიცი-მეთქი, მან მასწავლა – შეაკვეხე ფირი, რომ გაჩერდება, ჩაჭერი და აღარ იტრიალებსო. მე გიგასი მეშინოდა, ღამით მივხურე კარი, შევდექი სკამზე და შევტენე ეს ფირი, არ გაჩერდა არაფერი, ვტენე და ვტენე – კინოსტუდიიდან მქონდა ფირები წამოღებული. ბოლოს და ბოლოს ჩავჭერი, მაგრამ ხომ ჩარჩა შიგნით. ერთხელ, ინკასატორი რომ მოვიდა, სახლში არ ვიყავი. გიგა იყო და სადილობდა. ინკასატორს უთქვამს: რა არის, ბატონო გიგა, მთელი „თუთაშხია“ შიგნით შეგიტენიათ, მრიცხველი არ ტრიალებსო. გიგას უთქვამს, არ ვიცი, ბატონო, არაფერი, ჩემი ცოლი რომ მოვა, მას ჰკითხეთო. რომ მოვედი, გიგამ მითხრა: რას კადრულობ, არ გრცხვენიაო? მოკლედ, გადავრჩი", - ამბობდა მსახიობი.

ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე მექალთანე იყო და მეუღლესთან, ქეთევან კიკნაძესთან ამის გამო ჩხუბიც მოსდიოდა. ერთხელ ისე იჩხუბეს, რომ გიგა ლორთქიფანიძე სახლიდან წამოვიდა და ნოდარ დუმბაძესთან ცხოვრობდა. გიგას მეუღლესთან შერიგება უნდოდა, მაგრამ ქეთევანი უარზე იდგა. იმ პერიოდში  ქეთევანი ხატიას როლზე იყო წარდგენილი „მე ვხედავ მზეში“ და ნოდარს გიგასთვის უთქვამს, ქეთევანი ხომ ჩემი ხატიაა, მე უარს როგორ მეტყვის, წამო, ცოლთან შეგარიგებო. მართლაც, ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე ქეთევანთან შესარიგებლად მივიდნენ, მაგრამ მან ორივე სახლიდან იფრინა და კიბეზე რომ ჩამოდიოდნენ, ნოდარს გიგასთვის უთქვამს, არა, ძმაო, ეგ ქალი ხატია კი არა ირინა ბუგრიმოვააო...

საკუთარი ცხოვრების შესახებ ვრცლად ქეთევან კიკნაძემ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვიდეორგოლში ისაუბრა:

"წლებს ბევრი რამე მიაქვს... უთქვამთ ხოლმე ადამიანებს, გული არ ბერდებაო და მიკვირდა ხოლმე, როგორ არ ბერდება, მაგრამ მართლაც ასეა.

მე მამა არ მყავდა, მამა დახვრიტეს, დედას როცა ვუთხარი მსახიობი მინდა გამოვიდე-მეთქი, საშინლად წინააღმდეგი იყო. თუ კი რამე ჩემს ცხოვრებაში გამიკეთებია, ყველაფერს მიშა თუმანიშვილს ვუმადლი, მისი წყალობით გავხდი მსახიობი და მისი წყალობით შევქმენი ოჯახი.

მსახიობმა სცენა უნდა დატოვოს მაშინ, როდესაც შენ კიდევ უნდიხარ მაყურებელს!“ - ამბობს ქეთევან კიკნაძე.

რაზე ოცნებობს მსახიობი?

„ვიყო ჯანმრთელად და ჩემ შვილებს ვუყურო, დიდხანს. ასევე არ ჩაქრეს სურვილი იმისა, რომ რაღაც კიდე ვითამაშო..."
https://sheniganatleba.ge/11-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის