რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 24 აპრილს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 24 აპრილს
„ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 24 აპრილს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში.

12:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარა ჯულები, ხოფცა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

****

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

****

სტუდენტები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს გუშინ, 23 აპრილს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.

მათი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლური იყო და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდებოდა.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პროტესტი დღეს, 24 აპრილს, 19:00 საათზე კვლავ გაგრძელდება.

****

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას იღებენ.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც.

****

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ბრძოლა ორ ფავორიტ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკისა და გორდანა სილიანოვსკას შორის გაიმართება.

ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დღეს, დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.


რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 აპრილს
https://sheniambebi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90-4/

Comments