ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე, განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ კახაძის განცხადებით, აღნიშნული კანონის #2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები არ გააჩნია და საჭირო გახდა ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 6 ნივთიერების ოდენობები, ხოლო ერთ ნივთიერებაზე ახალი ოდენობები განისაზღვრება.

როგორც ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, მსოფლიოში კლასიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს ახალი ნივთიერებები - სინთეტიკური ნარკოტიკები ანაცვლებენ, რომლებიც თავისი ხასიათით და მოქმედებით მიმსგავსებული არიან კლასიკურ ნივთიერებებს, მაგრამ წარმოადგენენ უფრო ძლიერმოქმედ და იაფფასიან ანალოგებს, რომელთა ანტიდოტიც კი არ არსებობს და მათ მოხმარებას უამრავი ახალგაზრდა ეწირება.

მისივე თქმით, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, სადაც გამოჩნდა ისეთი ახალი ნივთიერებები, როგორიცაა: გამა-ოქსიერბო მჟავა; დმტ (დიმეთილტრიფტამინი); ალფა-პვპ; ბენზილპიპერაზინი; მდპვ; მეფედრონი და აბ-პინაკა.

„ეს არის სინთეზური გზით მიღებული ძლიერი ფსიქოაქტიური საშუალებები. მათი გამოყენებით მიღებული შედეგები ხშირ შემთხვევაში არის ფატალური, ხოლო მკურნალობის კუთხით - მედიცინა არის უძლური. საქართველოში შეიმჩნევა ამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების და ამოღების სტატისტიკური მატება“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, ისინი არ მიეკუთვნება საშიშ ნივთიერებებს და მოიხსენიებენ როგორც ე.წ. „კლუბურ“ და „მსუბუქ“ ნარკოტიკულ საშუალებად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება - მათდამი უფრო ადვილად ყალიბდება წამალდამოკიდებულება, თავისი მოქმედებით უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას. ამიტომ აუცილებელი გახდა მათი ოდენობების განსაზღვრა, რის საფუძველზეც მოხდება პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება. ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ვიდრე კანონპროექტის ინიციირებას მოახდენდნენ, არაერთი კონსულტაცია გამართეს ექსპერტებთან, სხვადასხვა დარგის ექიმებთან, შსს-ს წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საკითხის აქტუალურობა და მნიშვნელობა. ამ შეხვედრების შედეგად დადგინდა ნივთიერებათა შემოთავაზებული დოზებიც.

კანონპროექტის ინიციატორებია პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დიმიტრი ხუნდაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე, ანრი ოხანაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, ქეთევან ჩარკვიანი.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi



https://sheniekimi.ge/2024/04/30/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის