შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ

შავი ფერი ინტერიერში- 10 ფაქტი მისი გამოყენების შესახებ

შავი ფერი ინტერიერში ხშირად გლოვასა და საშიშროებასთან ასოცირდება. ამავე დროს, ეს ფერი ელეგანტურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა, რის გამოც მოდიდან არასოდეს გადადის. ინტერიერში მისი გამოყენება საფრთხილოა, რადგან ზოგი ადამიანისთვის იგი ზედმეტად პირქუშია, ზოგისთვის კი, პირიქით, ზედმეტად შთამბეჭდავია.



10 უმთავრესი ფაქტი შავი ფერის შესახებ.



- შავი კოკო შანელის საყვარელი ფერი იყო.

კოკო შანელი ამბობდა, რომ შავი ფერის სამოსის ტარებას მხოლოდ მაშინ შეწყვეტდა, როცა სამყაროში უფრო მუქი ფერი გამოჩნდებოდა. გარდა იმისა, რომ მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალები შავი კაბებით შემოსა, ფრანგულ ინტერიერში პოპულარული გახადა შავი კედლები, შავი ავეჯი და ლაქის შავი შირმები, რომლებიც კამბონის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის უმთავრესი ელემენტები იყო.





 

- შავი ყველა ფერს უხდება.

შეიძლება ითქვას, რომ შავი ფერი უნივერსალურია და აბსოლუტურად ყველა ფერს უხდება – იქნება ეს მკვეთრი, მუქი, მდიდარი ტონები თუ რბილი, ბუნებრივი ელფერები. ის ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერ ლითონს და ხის ყველა ტონს. თუმცა, ის განსაკუთრებით მაინც კრემისფერს, ოქროსფერს, წითელსა და თეთრს უხდება.

ალბათ, გსმენიათ, თითქოს შავი მუქ ყავისფერთან ვერ „მეგობრობს“, თუმცა, თუკი ინტერნეტში ამ ორი ფერით გაფორმებულ ინტერიერს მოძებნით, დარწმუნდებით, რომ ეს სიცრუეა.





 

- შავისა და თეთრის კომბინაცია ყოველთვის სასურველი არ არის.

შავისა და თეთრის კონტრასტული კომბინაცია კლასიკად, ელეგანტურობისა და გემოვნების მწვერვალად მიიჩნევა. კოკო შანელმა ასეთ ფერთა პალიტრას „სრულყოფილი ჰარმონია“ უწოდა. თუმცა, შავისა და თეთრის ტანდემი ყოველთვის სასურველი არ არის.

გრაფიკულ შავ-თეთრ სივრცეში განსაკუთრებულად იკვეთება დეტალები. ამგვარ ინტერიერში სრულყოფილი წესრიგი აუცილებელია. შეიძლება ითქვას, ასეთი სივრცე პერფექციონისტებისთვის იდეალური ადგილია.





შავ-თეთრის კომბინაციას შეიძლება მხოლოდ ერთი ექსპრესიული ფერი და რამდენიმე ნეიტრალური ტონი დაემატოს ისე, რომ ჰარმონია არ დაირღვეს. თითოეული ჭიქა და ხელსახოცი მითითებული ფერის სქემის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

- გლამურული ინტერიერისთვის შავი საუკეთესო ვარიანტია.

შავს ხშირად იყენებენ მდიდრული, გლამურული ინტერიერის შესაქმნელად. როგორც წესი, ასეთ ინტერიერში ოქროსფერი ელემენტები ჭარბობს. შავი ფერის გარეშე წარმოუდგენელია ინტერიერის დიზაინში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გლამურული სტილი — პრიალა, მბზინავი და გრაფიკული არტდეკო. გარდა ამისა, შავი ბევრ ნივთს უფრო ძვირადღირებულად წარმოაჩენს.





 

- შავს მრავალი ელფერი აქვს.

ყველა ფერს ელფერების ფართო სპექტრი აქვს. გამონაკლისი არც შავია. სინამდვილეში, შავი ფერი სამყაროში არ არსებობს. ტონი, რომელსაც ვხედავთ, სხვადასხვა ფერისგან შედგება და რამდენიმე საღებავის ან პიგმენტის შერევით მიიღება. იმის მიხედვით, თუ რომელი პიგმენტები ჭარბობს, შავი იღებს ნახევარტონს და, შესაბამისად, ცივი ან თბილი ხდება.

შავის ნახევარტონები ინტერიერში ამ ნახევარტონის შესაბამისი ელფერის შემოტანით გამოიკვეთება. მაგალითად, თუ მოწითალო ნახევარტონის მქონე შავს გვერდს წითელი უმშვენებს, ეს კომბინაცია, კონტრასტულზე მეტად, ჰარმონიულია.



https://sheniinterieri.ge/%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98/

Comments